აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად

აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად

უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

”ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. მათი გადაწყვეტა გადაჯაჭვულია ევროპული ინტეგრაციის პროცესთან. ამ მხრივ კი, ჩვენ ნამდვილად წინ გადავდგით ნაბიჯები. გასული წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მოკლევადიანი მიმოსვლის რეჟიმი. მაგრამ ჩვენ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა. იგივეს ადგენს, გასული წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მივესალმები რეზოლუციის სულისკვეთებასა და მიზნებს. ამიტომ, უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარებადა რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიაა.

პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა.

”საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები. დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა. თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.