პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლის ფარგლებში, საპრეზიდენტო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ საუბრისას განაცხადა.

„სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო გასაგები გახდება. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა, საყოველთაოობა, მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში იმ სოციალური დაცვის შესაძლებლობების, რომელიც ეხება მათთვის მტკივნეულ საკითხებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის არჩევის უფლება. 

„პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე. გუშინ საზოგადოებასთან შეხვედრისას ნათლად დაფიქსირდა ქუთაისის მოსახლეობსი სურვილი, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის მიუხედავად მე მათ დავპირდი, რომ მათ სურვილს დავაფიქსირებდი დღეს აქ. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. ამიტომ მოვუსმინოთ ხალხს და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვანები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.