საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის „ლაივ-სტრიმი“ მიეწოდება, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის ეთერში გავა.
ამის შესახებ განცხადება კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და როგორც განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა მიიღო.
”როგორც მოგეხსენებათ, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან „ლაივ-სტრიმს“ გადასცემს. ეს არის ე.წ. შავი „ლაივ-სტრიმი“, რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ”საზოგადოებრივი მეუწყებლის” მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ. ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი - ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩათვლის. ისეთაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის თქმით, მას ამ თემაზე ჟურნალისტებმა მიმართეს. მდინარაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საკითხში დეტალურად გაერკვევა.