პატრიარქის ავტორიტეტი და 40-წლიანი მოღვაწეობა განაპირობებს იმას, რომ ეკლესიას აქვს ასეთი მაღალი რეიტინგი

პატრიარქის ავტორიტეტი და 40-წლიანი მოღვაწეობა განაპირობებს იმას, რომ ეკლესიას აქვს ასეთი მაღალი რეიტინგი

მისი უწმინდესობის ავტორიტეტი, დაუღალავი შრომა, ლოცვა და 40-წლიანი მოღვაწეობა განაპირობებს, რომ ეკლესიას ჰქონდეს ასეთი მაღალი რეიტინგი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა.

მამა კახაბერმა კომენტარი გააკეთა IRI-ის კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. დეკანოზის განცხადებით, ამაში უმთავრესი უწმინდესის ფაქტორია.

„ვერანაირი ფაქტორი ვერ მოახდენს საქართველოში ეკლესიის ავტორიტეტის რღვევას. ეკლესიაზე, რომელშიც არის ჭეშმარიტება, ეკლესიაზე, რომელსაც ხელთ უპყრია ჭეშმარიტების ჩირაღდანი, რა თქმა უნდა, ვერანაირი გარემო ფაქტორები ვერ იმოქმედებს. ეს რაც შეეხება სულიერ მხარეს, მაგრამ რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენი თვალი ხილულად აღიქვამს, ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ სასულიერო პირის რაღაც ქცევა ან მრევლის მოქმედება, ამ შემთხვევაშიც კი, ვფიქრობ, მისი უწმინდესობის ავტორიტეტი, დაუღალავი შრომა, ლოცვა და 40-წლიანი მოღვაწეობა განაპირობებს, რომ ეკლესიას ჰქონდეს ასეთი მაღალი რეიტინგი. ჩვენ ყველანი მას უნდა ვუმადლოდეთ ამას, რადგან ვინ იცის ახლა ჩემი მოღვაწეობა და სხვა რომელიმე სასულიერო პირის მოღვაწეობა? - უწმინდესის მოღვაწეობა ისეთი თვალსაჩინოა, რომ ამას საქართველოში კი არა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რელიგიის წარმომადგენლები, რელიგიური ლიდერები ერთხმად აღიარებენ. განა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მას დიდი საქმე აქვს გაკეთებული მშვიდობისა და ურთიერთობისთვის სხვადასხვა რელიგიასთან“, - განაცხადა მამა კახაბერმა.

დეკანოზმა აღნიშნულ კონტექსტში მამა გიორგი მამალაძის საქმეზეც ისაუბრა და მომხდარი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლად შეაფასა.

„ეს როგორ არ უნდა ჩავთვალოთ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლად? ჯერ სასამართლო არ ყოფილა, განაჩენი არ დამდგარა და ბრალეულობა ვისია არ ვიცით, მაგრამ ვისიც არ უნდა იყოს, ეს ვინმემ დადგა, მოწყობილია თუ რეალურად ასეთი დანაშაული მზადდებოდა, ეს ყველა შემთხვევაში ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა. ყველა შემთვევაში! მნიშვნელობა არ აქვს, დამნაშავე ვინ არის. ეკლესიის წინააღმდგ მიმართული ბრძოლაა ეს“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.