სირიაში მომხდარ ტრაგედიაზე, რუსეთს და ირანს დიდი მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ

სირიაში მომხდარ ტრაგედიაზე, რუსეთს და ირანს დიდი მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ირანს და რუსეთს მოუწოდა, სირიის რეჟიმზე გავლენა გამოიყენონ, რათა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება არ მოხდეს.

„რუსეთს და ირანს კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, სირიის რეჟიმზე თავიანთი გავლენა გამოიყენონ და უზრუნველყონ, რომ ამგვარი საშინელება მეტი არ გამეორდეს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ტილერსონის თქმით, „რუსეთს და ირანს დიდი მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ტრაგედიაზე“.

სირიაში, მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას თეთრი სახლის პრესმდივანი, შონ სპაისერიც გამოეხმაურა.

„მათ, ვინც ასადის რეჟიმს იცავს და მხარს უჭერს, მათ შორის რუსეთს და ირანს, ასადზე ან მის ზრახვებზე ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ“, - აღნიშნა შონ სპაისერმა.

ბოლო მონაცემებით, ქიმიური თავდასხმის შედეგად, სირიის პროვინცია იდლიბში მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა, რომელთაგან 11 ბავშვია.

ბრიტანული მედია 400-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება, რომლებსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. სირიის უფლებადამცველი ობსერვატორიის აქტივისტების წარმომადგენლების ცნობით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება როგორც რუსულ, ასევე სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება.