ქალები რომ თხოვდებიან, კარგია, მაგრამ 5 წლის ბავშვის გათხოვება არ შეიძლება. ჩვენთან დღეს პრეზიდენტის ირიბი არჩევნები ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი გავათხოვოთ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასასვლელად საქართველო მზად არ არის და მსგავსი მოდელი მისაღებია ისეთ ქვეყნებში, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ძალაუფლების უზურპაცია ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან. ექსპერტის შეფასებით, არ შეიძლება ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ისტიტუტების დაკარგვა, როგორიც პრეზიდენტის ინსტიტუტია.
„რა შეიძლება აკავშირებდეს ნუკრი ქანთარიას და სოფო კილაძეს?! არაფერი! აკავშირებთ მხოლოდ ის, რომ ორივე არის ხელისუფლებაში და ემსახურებიან ვიღაცას. ეს არის ჩვენი პრობლემა და დღევანდელ საქართველოში ამიტომ არ შეიძლება ლაპარაკი საპარლამენტო რესპუბლიკაზე. ზოგადად, ეს კარგი იდეაა, მაგრამ ასეთი მოდელები მუშაობს მულტიპარტიულ დემოკრატიებში, ქვეყნებში, სადაც პარტიული სისტემები კარგად არის განვითარებული და სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ძალაუფლების უზურპაცია რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ქვეყნებში, სადაც ბევრი ძლიერი პარტიაა და ხშირად კოალიციური მთავრობები იქმნება, რაც დემოკრატიულ პროცესს უზრუნველყოფს.
ამიტომ არ შეიძლება იმ სუსტი ინსტიტუციების დაკარგვა, რასაც ჰქვია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი, თუნდაც უუფლებო. ქალები რომ თხოვდებიან კარგია, მაგრამ 5 წლის ბავშვის გათხოვება არ შეიძლება. ჩვენთან დღეს პრეზიდენტის ირიბი არჩევნები ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი გავათხოვოთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.