სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიაც განიხილება

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიაც განიხილება

პეტერბურგში მომხდარი აფეთქების ვერსიებს შორის კიდევ ერთი განიხილება. გამოცემა „გაზეტა.რუ“ სამართალდამცავ უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მეტროში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

მანამდე, ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე, სადაც რუსი ძალოვანების კონტრტერორისტული ოპერაცია გაშუქდა, გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ადამიანის მოგლეჯილი თავი იყო გამოსახული, სადაც მინიშნებული იყო, რომ ეს იყო კადრი შემთხვევის ადგილიდან. მოგვიანებით გამოსახულება საიტის ადმინისტრაციამ აიღო, მაგრამ შემდეგ ისევ განათავსა.

გამოცემის წყარო აღნშნავს, რომ როგორც წესი, თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტის დროს აფეთქება თავს გლეჯს სწორედ თვითმკვლელს, რადგან ეპიცენტრში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სავარაუდო თვითმკვლელის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ ის კავკასიელია.

ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ფოტოს ნამდვილობა და თვითმკვლელი ტერორისტის ვერსია.