რუსეთში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს

რუსეთში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს

სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მომხდარ ტერაქტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. კვირიკაშვილი მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ განაცხადა. აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მოხდა. რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.