დეპუტატ ნინო წილოსანის განცხადებით, აბსურდულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს ბიუჯეტი გადასახადებით არ უნდა ივსებოდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იკამათეს.
ნინო წილოსანის თქმით, კომიტეტის სხდომაზე საოცარი განცხადებები გაკეთდა, რაც სრული აბსურდია.
"საოცარი განცხადებები გაკეთდა. ბიუჯეტი გადასახადებით არ უნდა შეივსოსო და რამე სხვა ძირითადი ფორმა თუ იცით ბიუჯეტის შესავსებად შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. ასევე, ძალიან საინტერესოა ის, რომ ძირითადი გადასახადები ჩვენ არ გაგვიზრდია. აქ არის აქციზის გადასახადის გაზრდაზე საუბარი, რომელზეც რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ახსნა რა პოზიტიური შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა და მოჰყვება კიდეც. მოსახლეობას თავისთავად ვესაუბრებით და რაც ჩვენი მმართველობის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის წასახალისებლად გაკეთდა ნამდვილად არ გაკეთებულა 10-15 წლის მანძილზე და მეტიც. ამ ბიზნესმა ნამდვილად წამოიწია ჩვენ ქვეყანაში და კიდევ არაერთი პროექტი ხორციელდება ამის წასახალისებლად. არ მინდა დავიჯერო, რომ ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი ისეთივე აბსურდულია, რა განცხადებებსაც ახლა თქვენ აკეთებთ",- განაცხადა ნინო წილოსანმა.
ამასთან, წილოსანმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა უახლოეს მომავალში გავა სესიაზე .
„იმედია, უახლოეს სესიებზე გავა, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო და აქტუალურ თემას მოიცავს, თქვენც იქნებით ამის მომსწრე და იმედია მხარს დაუჭერთ",- აღნიშნა წილოსანმა.