საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის ფორმატს განმარტავს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის ფორმატს განმარტავს

დებატები ყველა შემთხვევაში იქნებოდა, ერთადერთი, რაზეც ვსჯელობით ის იყო, თუ რა ფორმატით უნდა ჩაგვეტარებინა ეს დებატები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დებატები ჩატარდება შემდეგი ფორმატით: უმრავლესობას და უმცირესობას მიეცემათ 45 წუთი. ფრაქციები, რომლებიც არ არიან არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში და ასეთი ორი ფრაქციაა, მათ ექნებათ 15-წუთიანი გამოსვლები.

ფრაქციები, რომლებიც არიან უმრავლესობის და უმცირესობის შემადგენლობაში, მათ მიეცემათ სავარაუდოდ 10-10 წუთით გამოსვლის საშუალება და როგორც კახიანმა განმარტა, ამ საკითხზე კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები.

რაც შეეხება დეპუტატებს, რომლებიც არც უმრავლესობაში არიან და არც უმცირესობაში, კახიანის განცხადებით, მათ 5 წუთი ექნებათ იმისათვის, რომ მიმართონ პარლამენტს და პრეზიდენტს. პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა 15 წუთით გამოვიდნენ.

”ეს იქნება დებატების ფორმატი, რიგითობა ცალკე ბიუროს მიერ იქნება გადაწყვეტილი და განსაზღვრული. ყველაფერი დაიწყება პრეზიდენტის გამოსვლით. ამის შემდეგ გამოცხადდება ორსაათიანი შესვენება და შემდეგ გაიმართება დებატები და ყველაფერი დასრულდება პრეზიდენტის საბოლოო გამოსვლით, ის შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს პარლამენტს”, - განაცხადა კახიანმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს გამოვა.