სამწუხაროდ, სოციოლოგიამ ჩვენს ქვეყანაში ცოტა უცნაური ფორმები მიიღო და ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი არჩევნების შედეგები არ მახსენდება, რომელსაც მანამდე არსებული კვლევები დაედასტურებინოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ სოციოლოგიას, როგორც მეცნიერებას, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ცოტა უცნაური ფორმები მიიღო და ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი არჩევნების შედეგები არ მახსენდება, რომელსაც დაედასტურებინოს მანამდე არსებული კვლევები. არ ვიცი მიზეზი რა არის, არ ვიცი რატომ ხდება ჩვენთან ასე, მაგრამ იმ კვლევებით, რომელიც წარმოდგენილია, ზოგადად რთულია რეალური შედეგის გაზომვა. ამას წლებია უკვე ვხედავთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ - 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ -15%, „ევროპული საქართველო“ - 7%, „ლეიბორისტული პარტია“ - 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, არც ერთი - 15%, არ მაქვს პასუხი - 20%.