თბილისელ ამომრჩეველს არ მოსწონს არც ”ქართული ოცნება” და არც ”ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი განაყოფი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა დედაქალაქის მერობის ამ დროისთვის დასახელებული კანდიდატების შანსების შეფასებისას ”ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
მისივე მოსაზრებით, თბილისის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მათ ჰყავთ ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ”ნაციონალური მოძრაობის” სახით. ექსპერტი ფიქრობს, რომ მესამე - უფრო არაპარტიული არჩევანის მოთხოვნა ძალიან დიდია.
”კვლევები და მოსახლეობის განწყობა აჩვენებს, რომ თბილისში მოთხოვნადი არ არის არც ”ნაციონალური მოძრაობა” და არც ”ქართული ოცნება”. თბილისი თვლის, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ”ნაციონალური მოძრაობის” სახით. შესაბამისად, ამ ორი პარტიის კანდიდატების წარმატება და წარუმატებლობა მთლიანად დამოკიდებულია რესურსებზე. მესამე - უფრო არაპარტიული არჩევანის მოთხოვნა ძალიან დიდია. თბილისში კონკრეტული პრობლემებია და პარტიულმა და კლანურმა ინტერესებმა ძალიან დააზიანა როგორც ქალაქი, ასევე მისი ამომრჩეველი. ასეთი კანდიდატი ამ ეტაპზე დასახელებულ კანდადატებს შორის მხოლოდ ალეკო ელისაშვილია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად საკმაოდ კოლორიტული ფიგურაა თბილისისთვის, მას არც რესურსები და არც პოლიტიკური ტემპერამენტი მისცემს საშუალებას, რომ წარმატებული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არაპარტიულ კანდიდატებზე დიდი მოთხოვნაა, რადიკალიზმს თბილისში მაინცდამაინც არ მიესალმებიან. ჩემი აზრით, ის ზედმეტად რადიკალურია იმისათვის, რომ მასზე გაკეთდეს არჩევანი. თუ საზოგადოებამ შეძლო და შესთავაზა არაპარტიული კანდიდატი ქალაქს, რომელსაც ექნება საკმარისი სოლიდურობა და პრინციპულობა, ამ შემთხვევაში, ორივე სახელისუფლებო პარტიას (”ნაციონალური მოძრაობაც” და მისი განაყოფებიც სახელისუფლებო პარტიებად მიმაჩნია) მაშინ შეიძლება შეექმნას პრობლემები. თუ არადა, მოიგებს არა კონკრეტული კანდიდატი, არამედ პარტია. არც კალაძეს, არც ნარმანიას და არც ხოშტარიას, თუ ვინმე სხვას, არ გააჩნია საკუთარი პოლიტიკური რესურსი. ეს არის პარტიული რესურსი. შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
დედაქალაქის მერის პოსტზე დაგეგმილ არჩევნებში ამ დროისთვის რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ”ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა კვლავ დავით ნარმანიას კანდიდატურა დააყენოს, თუმცა შესაძლოა სახელისუფლებო პარტიამ ამ პოსტზე კახი კალაძე ან დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინოს. ”ევროპული საქართველოდან” შესაძლოა მერის პოსტზე კენჭი იყაროს ელენე ხოშტარიამ, ან ირაკლი აბესაძემ. საუბარია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა.