საპროცესო შეთანხმების პირობებზე მოსალაპარაკებლად მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატი პროკურატურაში შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საპროცესო შეთანხმების დაცვის მხარის მიერ შეთავაზებული პირობები ინვესტორთან წარმოებული მოლაპარაკებების შესაბამისი იქნება.
”ცენტრ პოინტის” წარმომადგენელი აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტორთან და იმ შედეგებიდან გამომდინარე დავუკავშირდები პროკურატურას და ვთხოვ შეხვედრას. წინასწარ დრო შეთანხმებული არაა ამ ეტაპზე”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.
იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.