სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ. "ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც.
2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წაროადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება.
ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე", - ნათქვამია დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში.
თავის მხრივ განცხადებას ავრცელებს მეორე მხარე. "რუსთავი 2"-ის ვებგვერდი შეფერხებებით მუშაობს. ცოტა ხნის წინ, პოსტსკრიპტუმის დაწყებამდე, არხის ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზეც იყო თავის დროზე რეგისტრირებული მისამართი rustavi2.com, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გათიშა ტელევიზიის ონლაინ-პლატფორმა, რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა.
ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებგვერდი მთლიანად განთავსდება მისამართზე rustavi2.ge.", - ნათქვამია განცხადებაში.