თეთრი სახლი - აშშ უნდა შეეგუოს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას

თეთრი სახლი - აშშ უნდა შეეგუოს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას

აშშ უნდა შეეგუოს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე. 

„რაც შეეხება ასადს, არსებობს პოლიტიკური რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ. ასადთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისას ბევრი შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით“, - განაცხადა შონ სპაისერმა. 

შონ სპაისერის თქმით, „ასადის ბედი სირიელი ხალხის ხელშია, ხოლო ვაშინგტონი ფოკუსირებული უნდა იყოს „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაზე“. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ასადის თანამდებობიდან წასვლა აშშ-ის მთავარ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

მისი თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აქცენტი სირიის მოქალაქეებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე იქნება გადატანილი და არა თითოეულ პოლიტიკურ ფიგურაზე. 

"ჩვენი პრიორიტეტი ასადის მოშორება აღარ არის. ჩვენი მიზანია შევცვალოთ სირიელი ხალხის ცხოვრება. არ გვსურს ასადზე კონცენტრირება, ასე ობამას ადმინისტრაცია აკეთებდა", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.