ასწლოვანი ტიტა, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო, უკან ხმელეთზე დააბრუნეს. სამუშაოებს კომპანია "გზა" ასრულებს. ამავე კომპანიის იურისტი არჩილ ბასილაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულმა აქციამ სამუშაოები მნიშვნელოვნად შეაფერხა.
"არავითარი ტექნიკური ხარვეზი არ არსებობს. მომხდარი ინცინდენტის გამო, ბარჟის გამართვა დროულად ვერ მოხერდა. გასვლისათვის სათანადო მომზადება ვერ განხორციელდა. დღეს შტორმია მოსალოდნელი და იძულებული ვართ, რომ ბარჟა დავცალოთ. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გუშინ სამუშაოები შეჩერებული იყო", - აცხადებს არჩილ ბასილაძე.
გუშინ მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანის პროცესს ხმაური მოყვა. ადგილზე ერთიანი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც შესაბამისი კომპანიის წარმომადგენლებს ხის გადატანის საშუალებას არ აძლევდნენ. ამის გამო მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.