საქართველო მაქსიმალურად ახდენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას, - საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის დაწყების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი. ამისთვის ჩვენ ვახდენთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მობილიზებას და ამის ერთ-ერთი დასტურია ის რეზოლუცია, რომელიც მიღებულია გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ. რეზოლუციაში საბჭო და საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაუშვან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეფასდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მოხდეს თითოეული მცხოვრების უფლების დაცვა, განსაკუთრებით შეიზღუდოს ის ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც დღეს ხორციელდება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
24 მარტს, ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი გახდა 43 სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განთლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე, ორივე რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევა.