”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული ანალიზის „ევროპა 2022 წელს“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული ანალიზის „ევროპა 2022 წელს“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

როგორია ევროპის მომავალი?, - ამ სათაურით ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ვრცელ სტატის აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ როდესაც შეერთებულ შტატებში ევროპის კავშირის ელჩი დევიდ ო’სალივანი რომის ხელშეკრულების 60-ე წელიწადს და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების იუბილეს აღნიშნავდა, საქართველოში კი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ზეიმობდნენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრექსიტის სახელით ცნობილ ევროკავშირთან გაყრის პროცესს აწერდა წელს.

თუმცა ”ამერიკის ხმასთან” საუბრისას ევროკავშირის ელჩი აშშ-ში აცხადებს, რომ ის ევროპის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

რედაქციის ინფორმაციით, ევროპის ცვალებად პოლიტიკას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და შეერთებულ შტატებთან მის ურთიერთობას განიხილავს ვაშინგტონში ბაზირებული „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული ანალიზი „ევროპა 2022 წელს“.

”ამერიკის ხმის” ინფორმაციით, კვლევის ავტორების შეფასებით, ევროპული პროექტი კრიზისშია. ეკონომიკური უთანასწორობა, მემარჯვენე პოლიტიკური ძალების აღზევება, მიგრანტთა კრიზისი, რუსეთის მზარდი აგრესია და შეერთებული შტატების ნაკლები ჩართულობა რეგიონში - ეს არის ხუთი ძირითადი სცენარი, რომელსაც ავტორები, როგორც თვითონ ამბობენ, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის აანალიზებენ.

ანგარიშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას ეძღვნება. ავტორების მიერ შემუშავებული ამ სცენარის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება იძაბება, 2017 წლის ბოლოსკენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქალაქ მარიუპოლზე სამხედრო შეტევას იწყებენ, მარიუპოლი ეცემა. 2019 წელს რუსეთის კიბერ-შეტევის სამიზნე ბალტიისპირეთი ხდება, 2020-ში კი, მას შემდეგ რაც ნატო ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განთავსების გადაწყვეტილებას იღებს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეს არღვევს, რიგის თავზე კომერციულ რეისს ეჯახება და შედეგად 220 მგზავრი იღუპება. შედეგად კი „იწყება ახალი ცივი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“.

კვლევის ავტორი მეთიუ ბაროუსი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სცენარში ევროპის კავშირი რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად საქართველოს და უკრაინის ხარჯზე დათმობებზე მიდის.

„რუსეთის მზარდი აგრესიის პირობებში ევროპის პოზიციები სუსტდება, ასევე შესუსტებულია მისი კავშირები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია უკრაინაში, რის შემდეგაც ევროპის ზოგიერთ დიდ ქვეყანას აქვს განცდა, რომ რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს. ამ სცენარის მიხედვით, ევროპა რუსეთს ჰპირდება, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სამეზობლოს სხვა ქვეყნები არასდროს გახდებიან ევროპის კავშირის წევრები. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ევროპაში, რაზეც პოლიტიკის შემქმნელები უნდა დაფიქრდნენ,“ - აცხადებს ბაროუსი.

კიდევ ერთი პესიმისტური სცენარი, რომელსაც ავტორები განიხილავენ, არის შეერთებული შტატების ჩართულობის შემცირება. ამ სცენარში პრეზიდენტი ტრამპი 2017 წლის ნატოს სამიტზე აცხადებს, რომ მომავალში მსგავს საერთაშორისო ყრილობებს არ დაესწრება. რუსეთი ევროპაზე წნეხს აგრძელებს, 2022 წელს რუსეთი თანახმაა უკრაინაში სეპარატისტებისადმი მხარდაჭერა შეწყვიტოს და სანაცვლოდ ითხოვს პირობას, რომ უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა და საქართველო ვერც ევროპის კავშირის და ვერც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ გახდებიან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კვლევის პრეზენტაციაზე მისულმა ევროპარლამენტარმა გერმანიიდან დანიელ კასპარმა ხაზი გაუსვა, რომ ბევრი გამოწვევის და ცვალებადი გარემოს მიუხედავად ევროპის კავშირი წარმატებული პროექტია. მისივე განცხადებით, ამერიკელები ეხმარეიან ევროპელებს თავიანთი არჩევანით და აძლევენ მაგალითს, თუ როგორი ლიდერები არ უნდა აირჩიონ ევროპაში.

„ევროპამ საკუთარი თავის რეკონსტრუქცია უნდა შეძლოს. ახლა გაფართოების და ახალი წევრების მიღების დრო არ არის, უკანასკნელი გაფართოება არ ყოფილა კარგად დაგეგმილი პროცესი და მას თავისი სირთულეები ახლდა. მაგრამ მე მჯერა, რომ ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება უკეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას”, - აღნიშნა კასპარმა.

კვლევის ავტორები ერთ-ერთ რისკად მკვეთრი ლიდერობის უკმარისობას ასახელებენ. ევროპაში მემარჯვენე ნაციონალისტური ძალების მომძლავრების მიუხედავად, კასპარს საფრანგეთის და გერმანიის მომავალი არჩევნები არ აშინებს. „ამერიკელები გვეხმარებიან თავიანთი არჩევანით, ისინი გვაძლევენ მაგალითს, თუ როგორი ლიდერები არ უნდა ავირჩიოთ ევროპაში“, - განაცხადა დანიელ კასპარმა.