საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„რუსეთის პოლიტიკა, რომლის თანახმად, „სამხრეთ ოსეთი“ სახელმწიფოდ არის აღიარებული, არაკანონიერია. ამ პოლიტიკას არ სცნობს საერთაშორისო საზოგადოება, გაერო და ნატო-ს წევრი ქვეყნები. აღნიშნული შეთანხმება უარყოფითი ნაბიჯია, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი დაინტერესებული არ არის რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, - აღნიშნა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებით შეთანხმებას რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრები დღეს მოსკოვში მოაწერენ ხელს.
შეთანხმება ითვალისწინებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლების რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს და მათი რუსეთის სამხედრო ბაზებზე გამგზავრებას ნებაყოფლობითი წესით.