ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც რჩეულიშვილების ოჯახი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
„პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე აქ საუბარი ზედმეტია. ნამდვილად ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ. მე პირადად წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელთანაც შემოტანილი ჰქონდათ 5 პროექტი. გულწრფელად ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად რომელიმე მათ პროექტს მაინც გაემარჯვა და დევნილებისთვის სახლები აეშენებინათ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გამოვიდა, რადგან ერთ კონკრეტულ შემთხვევაშიც კი, იმდენად აბსურდულ დოკუმენტაციამდე მივედით, რომლის გასწორებას შეიძლებოდა ათეულობით წლებიც კი დასჭირებოდა“, - განაცხადა სუბარმა.
მინისტრის განცხადებით, მას ნამდვილად არ უნდა ვინმე ციხეში იჯდეს, მითუმეტეს, როდესაც ლაპარაკია ქალებზე, დედებზე, მაგრამ იმ ადამიანების აზრიც გასათვალისწინებელია, რომლებიც სასამართლოს მიერ დაზარალებულად არიან მიჩნეულები.
”ცენტრ პოინტის” საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. სასამართლომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პროცესს არ ესწრებოდა მაია რჩეულიშვილი, რომელიც სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით პატიმრობაში უკვე იმყოფება.