არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უყვარს როდესაც სარკეში ჩაახედებენ, რადგან სარკეში იმას ვერ ხედავენ, რაც მათ უნდათ, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლების დამოკიდებულებას IRI-ს კვლევების მიმართ. მისი თქმით, ქართული პოლიტიკური ელიტა ინფანტილურია და თვითკრიტიკული არ არის.
”არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უყვარს როდესაც სარკეში ჩაახედებენ, რადგან სარკეში იმას ვერ ხედავენ ხოლმე, რაც მათ უნდათ. ეს არის პოლიტიკური ნარცისიზმის გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისთვის. ისინი მხოლოდ იმას ეთანხმებიან რაც მათ წარმოდგენებს ადასტურებს. ეს არ არის მხოლოდ ”ქართული ოცნების” დაავადება, ყველა პოლიტიკური პარტია ასეა. სურათი პირიქით თუ იქნებოდა, ”ქართული ოცნება” იტყოდა გადასარევი რეიტინგებიაო და დანარჩენი პოლიტიკური ელიტა კვლევებს უნდობლობას გამოუცხადებდა. ქართული პოლიტიკური ელიტა ინფანტილურია, თვითკრიტიკული არ არის და ზუსტად ეს არის მცირე თუ დიდი კრიზისების საფუძველი ქვეყანაში”, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, ხუხაშვილის თქმით, ყველაზე მთავარი ამ რეიტინგში არის ის, რომ ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” არიან უმცირესობაში.
”მმართველი გუნდის რეიტინგი არ არის დაწეული, რადგან წინასაარჩევნო კვლევები იგივე ციფრებს გვაძლევდა. სხვა საკითხია, რომ არჩევნებზე სხვა შედეგი დაფიქსირდა, რაც გამოიწვია არჩევანის გარეშე ამომრჩევლის დატოვებამ და ორპოლუსიანობამ. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარი ამ რეიტინგში არის ის, რომ ჯამურად, ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარლამენტის შემადგენლობა, არიან უმცირესობაში. ანუ დღეს გვყავს საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია ”ნაციონალური მოძრაობის” სახით. ეს განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლება არის ძალიან მყიფე. ეს კანონზომიერი შედეგია და იმეორებს ყველა შედეგს რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულა”, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, გასაგები და კანონზომიერია პოლიტიკოსთა რეიტინგებში პრეზიდენტის ლიდერობაც, რადგან გიორგი მარგველაშვილი ფაქტობრივად ერთადერთი ფორმალური პოლიტიკოსია დღეს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ სახელისუფლებო ინსტიტუტს და რომელსაც აღმოაჩნდა ლიდერის თვისებები.
”ის იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ასეთი ლიდერები ”ქართულ ოცნებაში” უბრალოდ არ არიან, რადგან არავის აქვს განცდა, რომ კვირიკაშვილი ან სხვა ლიდერები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ნდობა მის მიმართ არის უფრო მეტი, ვინც უზრუნველყოფს საკუთარ პიროვნულ დამოუკიდებლობას. ეს განაპირობებს დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. ეს კავშირშია ხალხის დამოკიდებულებაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩევითი და ეს გარკვეულწილად მარგველაშვილის ფიგურასაც უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ არჩევნების წესთან დაკავშირებული თემა, ამომრჩეველი თვლის, რომ დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რომელიც არ არის სახელისუფლებო ერთიან ვერტიკალში განთავსებული, უფრო უკეთესია. ის, რომ მოსახლეობა თვლის, რომ პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული პრეზიდენტი, ეს განაპირობებს კონკრეტული პრეზიდენტის მიმართ მაღალ ნდობას და პირიქით, კონკრეტული პრეზიდენტის მაღალი ნდობა გადაბმულია ამ საკითხზე, რომ პირდაპირი არჩევითობა უკეთეს მოდელად მიაჩნია ამომრჩეველს. თუმცა,ხელისუფლებას აღიზიანებს ეს ყველაფერი. ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - მოუსმენს ხალხს, როგორც ძალაუფლების წყაროს და არის მეორე ვარიანტი, ადგეს და იგნორირება მოახდინოს ამ განწყობების და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე იქნება მორგებული. ხელისუფლებები როდესაც ცდილობენ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს დაუქვემდებარონ სახელმწიფოებრივი ინტერესი და იგნორირება მოახდინონ საზოგადოების განწყობს, ეს როგორც წესი, მათთვისვე მთავრდება ცუდად. ვნახოთ, ეყოფა თუ არა ხელისუფლებას სიბრძნე, რომ გაითავისოს - ის აირჩიეს მსახურად და არა ბატონად და რამდენად ადეკვატური იქნება”, - განაცხადა ხუხაშვილმა.