გიორგი კვირიკაშვილი - გეგმები, რომელიც გამოვაცხადეთ, აბსოლუტურად რეალისტურია და ფეხდაფეხ მივყვებით მათ ცხოვრებაში გატარებას

გიორგი კვირიკაშვილი - გეგმები, რომელიც გამოვაცხადეთ, აბსოლუტურად რეალისტურია და ფეხდაფეხ მივყვებით მათ ცხოვრებაში გატარებას

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს წელი გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის შეფასებით, 2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო. 

„იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა იყო 5,2%, თებერვალი - 4,4% -ია, ორი თვის ჯამური მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 4,8% რეალური ზრდა, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს გამოწვეულია კონკრეტული მიმართულებებით, ძალიან კარგი დინამიკით. ეს არის საწარმოთა ბრუნვა, ექსპორტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ტურისტების რაოდენობა, ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს ეკონომიკური დინამიკა დიდწილად გამოწვეული არის იმითაც, რომ ჩვენს სამეზობლოშიც არის პოზიტიური დინამიკა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს წელი გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული.

ეს ასევე ნათლად ადასტურებს, რომ 4 პუნქტიანი გეგმა თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს პრაქტიკულად მწვანე შუქი გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გეგმები, რომელიც გამოვაცხადეთ, არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით ჩვენი განსახორციელებელი გეგმების ცხოვრებაში გატარებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.