აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა

აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეების, სენატორ როჯერ უიკერისა და სენატორ ბენ კარდინის ინიციატივით, აშშ-ის სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, სენატის რეზოლუცია #106, გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 

"რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დროა, აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი პირობების გატარება უნდა უზრუნველყოს”, - განაცხადა სენატორმა უიკერმა.

გამოცემის ცნობით, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტის მთავარ პრინციპს და რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. ამის მაგალითად, კი დოკუმენტის ტექსტში ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა კონსტრუქციული ურთიერთობების დასტურია.