დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის მიღებაზე ბრალდებულის ადვოკატებს უარი ეთქვათ

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის მიღებაზე ბრალდებულის ადვოკატებს უარი ეთქვათ

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის მიღებაზე ბრალდებულის ადვოკატებს უარი ეთქვათ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, ბოლო ინსტანციის სასამართლოდან პასუხი ადვოკატებმა დღეს მიიღეს.

ფანცულაიას თქმით, ვიდეოჩანაწერების ამოღება იმისთვის იყო საჭირო, რომ გარკვეულიყო, მოხდა თუ არა დეკანოზის დაკავება პროცედურების დარღვევით და უკანონოდ.

”ჩანაწერების ამოღების თაობაზე აეროპორტს განცხადებით დაკავებიდან მალევე მივმართეთ, რათა არ წაშლილიყო მასალები და დროულად ყოფილიყო გადმოცემული ჩვენზე. 10 დღის ნაცვლად, აეროპორტმა, თუ არ ვცდები 25 დღეში გაგვცა უარყოფითი პასუხი. ამის შემდეგ შევიტანეთ შესაბამისი შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში, რაც არ დაგვიკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და დღეს მივიღეთ ასევე უარყოფითი პასუხი მისგან. უარის მიზეზად სასამართლო განმარტავს, რომ პროკურატურის მიერ გატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში საეჭვო არაფერი ჩანს. გამოდის, რომ სასამართლო პროკურატურას თვალდახუჭული ენდობა”, - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, პროკურატურამ შეგნებულად არ ამოიღო აეროპორტების კამერების ჩანაწერები, ვინაიდან დეკანოზის დაკავებისას ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს. 

”ამოგვეღო ეს ჩანაწერები და გამოჩნდებოდა, იყო თუ არა დარღვევები და ვინ იყო მტყუან-მართალი. ყველანაირად გაწელეს დრო, რათა პროკურატურამ დაიწყოს აპელირება იმაზე, რომ მასალები წაშლილი იქნება. ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში ამ საფრთხის შესამცირებლად მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას. აქედან გამომდინარე, ჩვენგან გამომდინარე მიზეზებით არ წაიშლება ეს მასალები”, - აღნიშნა ფანცულაიამ.