არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დაელაპარაკები ერთ კონკრეტულ აფხაზს, ერთ კონკრეტულ ოსს, ერთ კონკრეტულ ქართველს და არ იპოვი კავშირისა და შეთანხმების გზებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”ვექტორში” განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, სირთულეები არსებობს, მოხდა შეცდომების დაშვება, მაგრამ ”კეთილი განწყობისა და კეთილი ბუნების პირობებში, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომ პრობლემები გადაიჭრას”.
”ჩვენ ევროპულ გზაზე ვდგავართ არა როგორც კონკრეტული პოლიტიკური მოღვაწე ან პოლიტიკური პარტია, არამედ როგორც ერი, როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გზაზე ჯერ კიდევ წარმატებების მწირი შესაძლებლობა გაგვაჩნია, მაგრამ გაგვაჩნია სწორი სტატეგიული მიმართულება. ამ თვალსაზრისით ის პრობლემები და გამოწვევები, რაც იყო, დარწმუნებული ვარ, გადაიჭრება. როდესაც ვუყურებ რა მიმართულებით ვავითარებთ ქვეყანას, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა და სხვადასხვა შეხედულებებისა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს თანხმობის სფერო და თანამშრომლობის სფერო. ამ ქვეყნაში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან ემოციურად სირთულეების გადაჭრის გზები. ამის წინაპირობა ყოველი კონკრეტული ადამიანის დონეზე არსებობს. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დაელაპარაკები ერთ კონკრეტულ აფხაზს, ერთ კონკრეტულ ოსს, ერთ კონკრეტულ ქართველს და არ იპოვი კავშირისა და შეთანხმების გზებს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსიდან გააკეთა, სადაც ის ეთნიკურად აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად გაემგზავდა.