იქნება მორიგი სერიოზული ნაბიჯი ხელისუფლების არაეფექტურობისკენ, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თვითმმართველი ქალაქების მოსალოდნელი შემცირება და მუნიციპალიტეტების გაერთიანება.
როგორც უსუფაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ეს არის „ოცნების“ ბრძოლა საკუთარ თავთან და იმ დანაპირებთან, რაც პარტიამ 2012 წელს გასცა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პარალელს ყოფილ ხელისუფლებასთან ავლებს.
”სამწუხაროდ, ეს არის „ოცნების“ ბრძოლა საკუთარ თავთან და იმასთან, რასაც იგი დაჰპირდა მოსახლეობას 2012 წელს. ეს არის გზა თვითმმართველობის დასუსტებისკენ. ეს არ არის გზა ევროპული კეთილდღეობისკენ. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე გვესაუბრება მთავრობა, თუმცა, ამ დროს უზარმაზარი ხარჯების გაღებას აპირებს მთავრობის შენობა-ნაგებობისთვის. ეს მიუთითებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც გაბატონებულია მმართველობით სისტემაში. ბიუროკრატიული აპარატი თავისი ცხოვრების გაადვილებას ცდილობს, ნაცვლად ხალხისთვის მომსახურების გაწევისა. ქალაქების გამოყოფა არ არის მარტივი ოპერაცია. ამ ხედვის მიღმა დგას სერიოზული პრიორიტეტები, რომ მოსახლეობასთან სერვისები იყოს ეფექტური და ხალხს ჰქონდეს განცდა, რომ თვითმმართველობის სისტემა მათ ემსახურება. ეს იქნება მორიგი სერიოზული ნაბიჯი ხელისუფლების არაეფექტურობისკენ. ეს რეფორმა ითვალისწინებდა, რომ ამ საპილოტე პროექტის შემდეგ გადაგვედგა სწორი ნაბიჯები ამავე მიმართულებით. ახლა მთავრობა უარს აცხადებს იმ რეფორმაზე, რაც წამოვიწყეთ და გვთავაზობს არაფრის დატოვებას. ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი სწორედ ის იყო, რომ თვითმმართველობას არანაირ გასაქანს არ აძლევდა. ეს არის სამწუხაროდ ნაბიჯი უკან”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, განისაზღვრა შვიდი თვითმმართველი ქალაქი: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. განხორციელდა მათი ტერიტორიული ოპტიმიზაცია ქალაქის დანარჩენი ტერიტორიიდან გამოყოფით, ხოლო დარჩენილი ტერიტორია ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა. მაგალითად, შეიქმნა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი, რომელიც ქალაქის გარდა ტერიტორიებს მოიცავს.
მაშინ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობდა, რომ აღნიშნული შვიდი ქალაქის გამოყოფა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდებოდა, თუმცა დღეს საუბარია თვითმმართველი ქალაქების შემცირებასა და გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.