ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს არც ერთი მოსმენით არ მივიღებთ

ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს არც ერთი მოსმენით არ მივიღებთ

ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს არც ერთი მოსმენით არ მივიღებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც ვენეციის კომისიის დელეგაციასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.

მდინარაძის ინფორმაციით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები დეტალურად დაინტერესდნენ საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებებით.

„სხვათა შორის, მათში სასიამოვნო გაკვირვება გამოიწვია იმ განცხადებამ, რომ თუ ვენეციის კომისია იურიდიულ კონტექსტში არ დაეთანხმება რომელიმე ცვლილებას, ჩვენ უარს ვამბობთ მის განხორციელებაზე. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ მოსაზრებების შესახებ, რაც გახმოვანდა კომისიაში. მათაც იციან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. იყო სხვადასხვა არგუმენტები ოპონენტების მიერ, რომლებიც უფრო მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი ამ შეხვედრაზე და იყო კრიტიკა, თუმცა საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის წევრებს აზრი ამის შესახებ არ დაუფიქსირებიათ. საბოლოოდ უნდა დაველოდოთ მათ დასკვნას. ჩვენ მათი შუალედური დასკვნის მიღებამდე არ მივიღებთ არც ერთი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამიტომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ მათი რეკომენდაციების მნიშვნელობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.