საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას დებატების ფორმატს მხარს არ უჭერს. როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რაზე უნდა გაიმართოს დებატები.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის ფორმატი, რაზეც დებატები უნდა გაიმართოს. დებატები პარლამენტში ვიცით ჩვენ სხვაგვარი და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩვენი კონსტიტუციიდან და ზოგადად, ვითარებიდან გამომდინარე და პირველ რიგში, პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დებატების გამართვა იყოს სასურველი ფორმატი. რაზე უნდა გაიმართოს დებატები?",- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.
რაც შეეხება იმას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დეპუტატებს პრეზიდენტთან კითხვები არ აქვთ, კილაძის თქმით, "კითხვები სხვა არის და დებატები სხვა არის".
"ეს არის ჩვეულებრივი ფორმატი, რომელიც არაერთხელ გვინახავს. გულდასმით მოვუსმენთ პრეზიდენტს აუცილებლად და იქნება იმ ჭრილში, რა უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და კანონმდებლობა",- დასძინა სოფო კილაძემ.
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას დებატების პრაქტიკა არ ახსოვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურს.
"დებატი როდის გამართულა? ადრე, როცა სააკაშვილი მოდიოდა, დებატი მაშინაც არ იმართებოდა. იყო ფრაქციების გამოსვლა და პოზიციების დაფიქსირება. დებატის რეჟიმი არ მახსოვს, როდის იყო პრეზიდენტის მოსვლის დროს? ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ პარლამენტი უსმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას და შემდეგ პარლამენტის ფრაქციები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც და მოლაპარაკებაც ასეა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 7 აპრილს წარსდგება.