„გამჭვირვალობა   საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური საერთაშორისო სავაჭრო პალატის გამგეობის წევრია

„გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური საერთაშორისო სავაჭრო პალატის გამგეობის წევრია

დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა სასამართლოს მიერ შპს „ფილიპ მორისი - საქართველოს“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა,  რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის“ 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს და სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილია არასაკმარისი არგუმენტაცია, რაც  ამყარებს ეჭვებს სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

სასამართლოში კორუფციული გარიგებების შესახებ ისაუბრა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმაც. სწორედ აღნიშნული პალატის და მისი გამგეობის წევრია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.

კითხვაზე, აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ხომ არ იყო რაიმე კონკრეტული დაინტერესება ამ საქმით, ეკა გიგაურმა პრესას განუცხადა, რომ არავითარი კონკრეტული დაინტერესება არ ყოფილა და ბიზნესი მათთან გარკვეული სახის დარღვევებზე ხშირად საუბრობს. „ვერ ვიტყოდით, რომ ყველა მიმართულებითაა, ან ძალიან ბევრია სავარაუდო კორუფციული გარიგებები  სასამართლოში. ნამდვილად არ გვაქვს ბევრი ასეთი ხასიათის საქმე, თუმცა არის საქმეები და ეს არის პრობლემა“, - განაცხადა გიგაურმა მედიასთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  -  საქართველოს“ დასკვნასთან დაკავშირებით სს „თბილისის თამბაქოში“ მიაჩნიათ, რომ   ეს დასკვნა არის  არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების მხრიდან „თბილისის თამბაქოს“  გაკოტრების  მცდელობის  უდაოდ დადგენილი ფაქტის  უარგუმენტო და დემაგოგიური გადაფარვის უბადრუკი ნიმუში და ურჩევენ გიგაურს კარგად წაიკითხოს თამბაქოს შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლი, რომელიც   საქართველოში  თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად სიგარეტის გაყიდვას კრძალავს. „ ჩვენ მოვიგებთ ამ სასამართლოს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში“, - აცხადებენ „თბილისის თამბაქოში“.