თავიდანვე ვიყავი თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის წინააღმდეგი, რადგან ვფიქრობდი, რომ მუნიციპალიტეტები ამისთვის მზად არ იყო

თავიდანვე ვიყავი თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის წინააღმდეგი, რადგან ვფიქრობდი, რომ მუნიციპალიტეტები ამისთვის მზად არ იყო

თავიდანვე ვიყავი თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის წინააღმდეგი, რადგან ვფიქრობდი, რომ მუნიციპალიტეტები ამისთვის მზად არ იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ტრიპოლსკიმ განუცხადა, რომელიც ახალი “ადგილობრივი თვოთმმართველობის კოდექსის“ მიღებისას აღნიშნულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

“ზუსტად არ ვიცი, რა იგეგმება. წავიკითხე, რომ დაგეგმილია გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანება. მე მაშინაც დაყოფის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ერთი ხმა არაფერს წყვეტს. არ მეგონა, რომ ქალაქები და რეგიონები ამისთვის მზად იყო. მაგალითად, შეიძლება ზუგდიდი მზად იყოს, მაგრამ შვიდი თვითმმართველი ქალაქიდან, დანარჩენ ექვს ქალაქს ეკონომიკურად მის გარშემო მყოფი სოფლები აცოცხლებს. აბა რა წარმოებებია და როგორ უნდა იცხოვროს ქალაქმა ეკონომიკურად?! გამოიყო შვიდი თვითმმართველი ქალაქი და ბიუჯეტი თითქმის იგივე დარჩა - რა შეიცვალა? არაფერი! არ იცით, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, არ ხერხდება ყველაფერი ერთად! არ მინდა რაღაცებზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვისაუბროთ - ეს იდეა ვისიც არის და როგორც არის... შესძლეს მათ მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის დარწმუნება. მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი და ვფიქრობ, რომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანება, სწორია. ბევრი რამ არის გასავლელი და მოსამზადებელი - ამდენი გამგებელი, ამდენი მერი... მაშინ პარლამენტი შვიდ ქალაქზე გაჩერდა, თუმცა დღეს არის 70 მუნიციპალიტეტი და 300 უნდა ყოფილიყო. საქმე ასე მარტივად არ არის!“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ტრიპოლსკიმ.

2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, განისაზღვრა შვიდი თვითმმართველი ქალაქი: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. განხორციელდა მათი ტერიტორიული ოპტიმიზაცია ქალაქის დანარჩენი ტერიტორიიდან გამოყოფით, ხოლო დარჩენილი ტერიტორია ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა. მაგალითად, შეიქმნა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი, რომელიც ქალაქის გარდა ტერიტორიებს მოიცავს.

მაშინ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობდა, რომ აღნიშნული შვიდი ქალაქის გამოყოფა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდებოდა, თუმცა დღეს საუბარია თვითმმართველი ქალაქების შემცირებასა და გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.