რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში, 28-29 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ შეხვედრას განცხადებით ეხმაურება.
„კონსულტაციების ნეგატიურ პროლოგად გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში და გაერო-ს უშიშროების საბჭოში ქართული მხარის მიერ ინიცირებული პროპაგანდისტური დემარში გახდა. 24 მარტს, თბილისმა ფაქტობრივად აიძულა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყნები ხმა მიეცათ რეზოლუციის პროექტისთვის „საქართველოსთან თანამშრომლობა“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებებზე ზრუნვასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისის მთავარი მიზანია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული კუთვნილების საკითხის წამოჭრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, რომლის კომპეტენციაშიც ეს საკითხი არ შედის. გასაკვირი არაა, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრთა უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც თანამედროვე ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ რეალობას უარყოფდა“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
„ჟენევის დისკუსიების რაუნდის დაწყების დღეს ქართულმა მხარემ ისარგებლა გაერო-ს უშიშროების საბჭოში უკრაინის დროებითი თავმჯდომარეობით და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „რუსული ოკუპაციის“ საკითხის განხილვის ინიცირება მოახდინა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ჟენევის შეხვედრის ატმოსფერო. აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მიუთითეს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჟენევის ფორმატის სულისკვეთებასა და მიზნებს, ძირს უთხრის მის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების კონცეფციას. სამწუხაროდ, ამ შეხვედრამაც დაადასტურა ოფიციალური თბილისის კონფრონტაციული განწყობა. ისევ ვერ მოხერხდა ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება. თუმცა, მხარეებმა ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები აღნიშნეს. ერთობლივ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.