ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ცოცხალია. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.
„სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ცოცხალია. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია ამაზე. ოსები გაყოფილი ერია, ჩვენი ძმები რუსეთში ცხოვრობენ. ასე რომ, მეც ვუჭერ ამ იდეას მხარს, თუმცა, ამავდროულად ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის იოლი და რიგითი საკითხი. შესაბამისი, პირობები უნდა შეიქმნას როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. თუ დავინახავთ, რომ რუსეთში გველიან, თუ შესაბამის სიგნალებს მივიღებთ, მაშინ იმ საერთო სქემით ვიმუშავებთ, რომელიც მსოფლიოში არსებობს“, - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის თქმით, თიბილოვთან უკვე არსებობს შეთანხმება, რომ რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე 2017 წელს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.
ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და სახელწოდების „ალანიათი“ შეცვლის თაობაზე რეფერენდუმი 9 აპრილს გაიმართება.