მარჯანიშვილის მეტროსთან გამართულ გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციაზე ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. გარემოვაჭრეები მოითხოვენ, მოხდეს გარევაჭრობის დაკანონება და მიეცეთ ქუჩაში ვაჭრობის უფლება. რაც შეეხება ადგილობრივებს, მათი თქმით, გარევაჭრობით ირღვევა სანიტარული წესები, ქუჩებში დიზინტერია და სიბინძურეა. მოქალაქეებს პრეტენზია ჰქონდათ ასევე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ ლაშა ჩხარტიშვილთანაც. ისინი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის წახალისებას ლაშა ჩხარტიშვილი ხელს უწყობს. თავის მხრივ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს პირადად მას და მოვაჭრეებს ”ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულებულია, ხვალ ის გარემოვაჭრეებთან ერთად საპროტესტო აქციას მარჯანიშვილის მეტროსთან, ხოლო 1-ელ აპრილს თბილისის მერიასთან გამართავს.
აქციის დასრულების მიუხედავად, მარჯანიშვილის მეტროსთან კვლავ რჩება თბილისის ზედამხედველობის სამსახური და მობილიზებულია საპატრული პოლიცია, ასევე ტერიტორია არ დაუტოვებია გარემოვაჭრეთა ნაწილს.