რომან გოცირიძე:   პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს

რომან გოცირიძე: პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს

ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული, 40-მილიონიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის “ჯიდიესიზაცია“ ხდება - პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მან ყურადღება “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესებზე და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე გაამახვილა.

“მედია-პლურალიზმის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული, 40-მილიონიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის “ჯიდიესიზაცია“ ხდება - პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს. როდესაც ამბობენ, რომ არხის დაბალი რეიტინგის გამო უნდა მოხდეს ადამიანების საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება და წინასაარჩევნო პერიოდში მისი დახურვა, ვხედავთ, რომ სახელმწიფო ტელევიზიაში, რომელიც ეკუთვნის ყველას, პროცესებს ნულოვანი რეიტინგის მქონე ტელევიზიის თანამშრომლები მართავენ. რეალურად ხდება ამ არხის დაპყრობაც, ისევე როგორც მცდელობა იმისა, რომ პარლამენტის სხდომები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არ გადაიცეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, გოცირიძის ინფორმაციით, ევროსაბჭოს მომხსენებლებთან შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა “ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკან დახევაზე, სასამართლოში მიმდინარე უარყოფით მოვლენებზე, ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპირებაზე, პრეზიდენტის დევნასა და ამ მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე და საარჩევნო სისტემაზე“.