ვენეციის კომისიის ექსპერტებს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკაშირებით არანაირი შენიშვნა და არანაირი წუხილი არ გამოუხატავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, დელეგაციის წევრებისთვის არასწორად იყო მიწოდებული ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით, თუმცა შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავად თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდნენ, დელეგაციის წევრებს ზუსტი განმარტებები მიაწოდეს და „სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც მანამდე არსებობდა“.
“დეტალური განხილვა მოხდა იმ პროექტის, რომელიც ამ ეტაპზე არის შემუშავებული საკონსტიტუციო კომისიის მიერ. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემდეგ, ალბათ, გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით წარიმართა ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი შეხვედრა და ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.