რამდენიმე ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა შეაჩერებს დეცენტრალიზაციის პროცესს, რაც არის დარტყმა ევროპულ მოდელზე, საითკენაც ქვეყანა უნდა ისწრაფოდეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების შესაბამისი გეგმა არის უკან გადადგმული ნაბიჯი.
„ეს არის 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის რევიზია. ქალაქებისთვის თვიმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა შეაჩერებს დეცენტრალიზაციის პროცესს, რაც არის დარტყმა ევროპულ მოდელზე, საითკენაც ქვეყანა უნდა ისწრაფოდეს. აქ მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება ხელს უშლის ხალხის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში და დგამს ნაბიჯებს შემდგომი ცენტრალიზაციისკენ. ისეთ ქალაქებს, როგორიც არის - გორი, ზუგდიდი, მცხეთა, ამბროლაური აღარ ეყოლებათ ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება. ერთმნიშვნელოვნად, ეს შეიძლება შეფასდეს ასე - ხელისუფლებას არ სურს ქალაქებს ჰყავდეს ხალხის მიერ არჩეული ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანობაში არის დემოკრატიზაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმას, რომ მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად მინიმალიზაცია მოახდინოს ხალხის მონაწილეობის პოლიტიკურ პროცესში”, - განაცხადა წიკლაურმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.
ამასთან, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.