საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბურთი ”ქართული ოცნების” მოედანზეა - მათ უნდა თქვან, მიიღებენ თუ არა ცვლილებებს, რაზეც მთელი ქვეყანა თანხმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ყურადღება საარჩევნო სისტემაზე გამახვილდა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ევროსაბჭოს მომხსენებლებთან ისაუბრეს მედიაპლურალიზმზე, სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე.
”ეს ის საკითხებია, რომლითაც ჩანს, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან უკან იხევს. ამიტომ მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ვთხოვეთ, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ყველა ეს საკითხი აქტიურად დასვან”, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს ჭიაბერაშვილთან ერთად საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატი გიორგი ტუღუში შეხვდა.