უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი, შესაძლოა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მიღებას დაელოდოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი, შესაძლოა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მიღებას დაელოდოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების არჩევა პარლამენტში კვლავ ღია საკითხად რჩება. მოსალოდნელია, რომ მხარდაჭერას პარლამენტისგან ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები თავს იკავენებ და მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის საკითხი პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის. კერძო საუბრებში კი, არ მალავენ, რომ მათ ”ქართული ოცნების” მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნებათ.

ამასთან, მმართველ უმრავლესობაში ისიც ითქვა, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორიელებას დაელოდონ, რომლის ფარგლებშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის შეცვლა იგეგმება და ახალი მოსამართლეების არჩევა სწორედ ამის შემდეგ მოხდეს. როგორც ცნობილია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მომზადებული ცვლილებების სამუშაო ვარიანტით, უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

წელიწადზე მეტია, რაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლის სამი ადგილი ვაკანტურია.

წინა მოწვევის პარლამენტმა, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ თამარ ლალიაშვილს, ნონა თოდუას და ასევე, ანა დოლიძეს მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა. ანა დოლიძის ნაცვლად კი, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა, უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ბოძაშვილი მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს თავად იტყვის, რადგან, არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს ელჩად ინიშნება.