ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე ვერაფრით გარკვეულა, რა საფრთხეს წარმოადგენს

ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე ვერაფრით გარკვეულა, რა საფრთხეს წარმოადგენს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას უკანონოდ და უსამართლოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მან მამა გიორგი მამალაძე გუშინ მოინახულა და შეფარდებულ პატიმრობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მოისმინა. 
”რა უნდა თქვას?! მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და უსამართლო. ვერაფრით გარკვეულა, რა საფრთხეს წარმოადგენს. ამბობს, პროკურატურას თვითონ ვერ დაუდგენია ვერაფერი და რა დანაშაული უნდა ჩავიდინოო? რაც არ ჩამიდენია იმას მაბრალებენ და კიდევ რა ახალი დანაშაული უნდა ჩავიდინოო”, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 28 მარტს გამართულ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესზე მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულის თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. დეკანოზის ადვოკატები ბრალდებულის 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ, თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მამა გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.