მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონტროლის ქვეშ მოაქციონ, ასე ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას

მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონტროლის ქვეშ მოაქციონ, ასე ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას

საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა, პასუხები მიმართულია ხელისუფლების უზურპაციისკენ მმართველი ძალის მიერ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასე ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, რომელმაც საერთაშორისო კონფერენციაში "საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში" მიიღო მონაწილეობა.

შავგულიძის თქმით, არსებული კონტექსტიდან და ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი შევინარჩუნოთ.

„ვისმენთ რაღაც განმარტებებს, თითქოს არაპირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ექნება მეტი დამოუკიდებლობა პოლიტიკური ძალებისაგან, მაშინ როდესაც ჩვენს რეალობაში საკონსტიტუციო უმრავლესობა დანიშნავს პრეზიდენტს, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა პოლიტიკური ძალებისაგან, ვიდრე საყოველთაო წესით მოსახლეობისგან არჩეულ პრეზიდენტს? შეხვედრაზე მე პირადად დავსვი შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ და ვერ მოვისმინე პასუხი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თუ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი გვინდა, მაშინ პარლამენტი უნდა იყოს ისეთი სამართლიანი წესით არჩეული, რომ იქ საზოგადოების და მოსახლეობის ნება პროპორციულად იყოს განაწილებული და რამდენად მზად არის მმართველი პოლიტიკური ძალა რეალური სამართლიანი საარჩევნო სისტემის შემოთავაზებისთვის? შთაბეჭდილება, ჩვენდა სამწუხაროდ, არის ერთი - ამ კომისიის შექმნა, ამ კომისიის საქმიანობა, პასუხები, რასაც მმართველი ძალისაგან ვისმენთ, მიმართულია მმართველი ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაციისკენ. რეალურად ერთადერთი ინსტიტუტი, რომლის სრული კონტროლი ვერ მოახერხა მმართველმა ძალამ, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და არის მრავალმხრივი მცდელობები, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტიც სრული კონტროლის ქვეშ მოაქციონ. ასე ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამ სიტყვას. ასეთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა და არ გამოგვადგა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.