თბილისის თამბაქოს კოლექტივი აცხადებს, რომ ფადი ასლი მათ სამუშაო ადგილებს ართმევს

თბილისის თამბაქოს კოლექტივი აცხადებს, რომ ფადი ასლი მათ სამუშაო ადგილებს ართმევს

„თბილისის თამბაქოს“ კოლექტივი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარის, მთავრობის ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის სახელზე და  მასშტაბურ გაფიცვას აანონსებს იმ შემთხვევისთვის, თუ სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი და მისი თანამზრახველები არ შეწყვეტენ ქართული საწარმოს მადისკრედიტირებელი განცხადებებით გამოსვლას და შანტაჟს სასამართლოსა და  ხელისუფლების წინააღმდეგ.

თბილისის თამბაქოს კოლექტივის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სს ”თბილისის თამბაქო“ ქართული საწარმოა, რომელიც ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ქართულ პროდუქციას უშვებს. საწარმოში და მასთან დაკავშირებულ მეურნეობებში 700 ზე მეტი ადამიანი ვართ დასაქმებულნი და სამწუხაროა, რომ ხელოვნურად თავსმოხვეული პრობლემები არ გველევა. უფრო მეტიც, რაც დრო გადის, მით უფრი იზრდება  უმუშევრად  და ოჯახის ულუკმაპუროდ დარჩენის საფრთხე და ეს, შედეგია ეროვნული წარმოებისადმი იმ უსულგულო დამოკიდებულებისა, რომელიც წლებია გრძელდება.

ჩვენი დარგი საქართველოში ოდითგან იყო განვითარებული.  ცხადია, დღეს ვერ  შევედრებით მსოფლიო ბრენდებს, მაგრამ ჩვენი, არცთუ მოკრძალებული, სეგმენტი მყარად გვეკავა ქართულ ბაზარზე. სულ რაღაც 2013 წელს ქართული პროდუქციის წილი თამბაქოს  ბაზარზე 35 პროცენტი იყო, რაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ჩვენი კეთილდღეობის გაუმჯობესების გარანტი იყო, მაგრამ, ფაქტია, უზნეო უცხოელი იმპორტიორების  დანაშაულებრივი ქმედებებისა და მაქინაციების შედეგად ეს წილი დღეს 6 პროცენტამდეა შემცირებული. ყველა აკრძალული ხერხისა და დაუშვებელი მეთოდის, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვისა და სხვა უკანონო სქემების გამოყენებით მათ  ჩვენი საწარმო განადგურების პირას მიიყვანეს და ჩვენ  ქუჩაში აღმოჩენის რეალური კანდიდატები გაგვხადეს.

ჩვენ, ამ საწარმოში დასაქმებული მუშები თაობებია აქ ერთ ოჯახად ვცხოვრობთ და არ ვაპირებთ ჩვენი შვილების მომავალი  მტაცებელი  ვაი ბიზნესმენების სიხარბეს შევწიროთ. 

განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატაში გაერთიანებული თამბაქოს არაკეთილინდისიერი იმპორტიორების და მათი დამცველის, უხარისხო  ბარკლების საქართველოში გამსაღებელის, ფადი ასლის მიერ  ამ დღეებში გაკეთებული  უტიფარი განცხადებები, რომ არ დაუშვებენ ადგილობრივმა ბიზნესმა უცხოურ ბიზნესებს თანხები გამოსძალოს. ვინ ვის ძალავს, ვინ ვის ართმევს და ვინ ვის ავიწროებს - ეს თქვენ არ იცით, ვითომ, ბატონო ასლი?! 

ცხადია, კარგად იცის, მაგრამ ბატონი ასლი, ამ  ხმამაღალი გამოსვლებით ცდილობს წლების განმავლობაში მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ქართული თამბაქოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი საქმიანობის  გადაფარვას. 

უკვე სასაცილოც აღარაა, როცა ფადი ასლი, გასტროლიორი, არაკეთილსინდისიერი გადამთიელი ბიზნესმენის კლასიკური სახე,  თავს უფლებას აძლევს დააშანტაჟოს მთავრობა, თავს დაესხას სასამართლოს და ულტიმატუმი წაუყენოს ქვეყანას. 

არ გვიკვირს მათგან მოსყიდული და მათთან გარიგებაში მყოფი  პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობოების პოზიციაც.  ჩვენ ყველა მათგანს ყველგან და ყოველთვის დავუფიქსირებთ, რომ ისინი ფადი ასლის მხარდაჭერით უარს უცხადებენ ქართულ ადგილობრივ წარმოებას, რეალური ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

რაც ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია, არის ის, რომ  ხელისუფლება  ამ ვაიბიზნესმენების და მათი მხარდამჭერების თავგასულობაზე   წლების განმავლობაში თვალს ხუჭავს და ქართული წარმოების განადგურების მათ მცდელობებს სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებს.

ხელისუფლება ავირჩიეთ და ვანდეთ ქვეყანა იმიტომ, რომ ხელი შეეწყოს დასაქმებას, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას. ამის მიღწევის ერთადერთი გზა ქართული წარმოების განვითარება და მხარდაჭერაა, თორემ ფადი ასლის გაყიდული ბარკლებითა და მისი ამფოსნების შემოტანილი სიგარეტით ბრაზილიელ თუ კოლუმბიელ მუშა საქმდება, თანაც ჩვენს ხარჯზე. 

ჩვენ მივესალმებით ყველა უცხოელ ინვესტორს, ვინც საქართველოში ფულს დებს, სამუშაო ადგილს ქმნის და ქვეყანას გვერდში უდგას, მაგრამ ვინც ქართულ წარმოებას ებრძვის, გვტოვებს უმუშევრად და გვიმეტებს შიმშილისთვის, მათი ადგილი საქართველოში არ არის. 

ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიებს, ჩვენ არ ვითხოვთ პროტექციას, ჩვენ ვითხოვთ თანაბარ პირობებს, სამართლიანობას, დაცულობას, კეთილინდისერ კონკურენციას და  კანონის დაცვას. 

ჩვენ ვეღარ დავუცდით ვერავის.  დღეიდან თავად დავიცავთ საკუთარ უფლებას გვქონდეს სამუშაო. ვქმნით საგაფიცვო კომიტეტს და ვიწყებთ კანონოს ფარგლებში  აქტიურ ბრძოლას და აქციებს ჩვენი უფლებების დასაცავად. დარწმუნებული ვართ, რომ ქართული საზოგადოება გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და შეეწინააღმდეგება ყველას, ვინც  ქართული წარმოების მტერია“, - ნათქვამია „თბილისის თამბაქოს“ კოლექტივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.