როგორც კი საკონსტიტუციო კომისია პროექტზე მუშაობას დაასრულებს, საბოლოო პოზიციები საჯაროდ დაფიქსირდება

როგორც კი საკონსტიტუციო კომისია პროექტზე მუშაობას დაასრულებს, საბოლოო პოზიციები საჯაროდ დაფიქსირდება

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თავს იკავებს იმ მოთხოვნაზე გამოხმაურებისგან, რომელსაც “ქართულ ოცნებას“ არასაპარლამენტო პარტიები უყენებენ.

“პარტიების მიერ მიმართვაში დაფიქსირებულ საკითხებზე ჩვენი წინასწარი პოზიციები ცნობილია. როგორც კი საკონსტიტუციო კომისია პროექტზე მუშაობას დაასრულებს, საბოლოო პოზიციები საჯაროდ დაფიქსირდება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ არჩილ თალაკვაძემ.

15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია მმართველი პარტიისაგან ითხოვს, არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა საჯაროდ გამოაქვეყნოს საკუთარი პოზიცია კონსტიტუციური რეფორმის რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე.

პარტიებმა პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეს, ასევე “ქართული ოცნების“ ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიების სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს.

მიმართვაში დაფიქსირებულია ოპოზიციური პარტიების მიმართვა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პარლამენტის ერთიანი პროპორციული სიით არჩევის შესახებ, ასევე საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირების შესახებ. პარტიების ასევე ითხოვენ, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის შენარჩუნებას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.

მიმართვას ხელს აწერეს შემდეგი პარტიები: “ახალი მემარჯვენეები“, “ახალი საქართველო“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “ევროპელი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “თავისუფალი დემოკრატები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“ და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.