ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები მიიღეს

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები მიიღეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრების - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ გვქონდა საუბარი ოპერატიულ - ტექნიკურ სააგენტოსთან დაკავშირებით, რომლის კანონსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ჩვენ მათ დეტალურად ავუხსენით, რომ ეს სააგენტო არის დამოუკიდებელი, რომ ამ სააგენტოს კონტროლის მექანიზმი არის ძალიან მაღალი და ეს კონტროლი ხორციელდება სამი სახელისუფლებო შტოდან, ასევე არის ჩართული მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მათ ძალიან დეტალური კითხვები დასვეს ამ კანონთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიღეს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. ვფიქრობ, ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში, ასევე ავუხსენით, რომ ამ კანონპროექტის მიღებით ჩვენ, ერთი მხრივ, ძალიან მაღალი დონით ვიცავთ ადამიანის უფლებებს და ასევე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უსაფრთხოება კიდევ უფრო იქნება დაცული ამ რეგულაციების მიღების შედეგად" ,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.