ირაკლი კობახიძის მტკიცებით, განცხადება, რომ ქვეყანას ქარიზმატული და სოფელ-სოფელ მოსიარულე პრეზიდენტი არ სჭირდება, არ გაუკეთებია

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, განცხადება, რომ ქვეყანას ქარიზმატული და სოფელ-სოფელ მოსიარულე პრეზიდენტი არ სჭირდება, არ გაუკეთებია

მსგავსი არაფერი თქმულა დღევანდელ კონფერენციაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონფერენციაზე "საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში" კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭრიდება აკადემიური პრეზიდენტი, პოლიტიკურმა პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს კულუარებში და ქვეყანას არ სჭრიდება სოფელ-სოფელ მოსიარულე პრეზიდენტი.

"ეს კომენტარები არის წარმოუდგენელი. მსგავსი არაფერი თქმულა დღეს კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით. საუბარი იყო პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე. გაისმა სხვადასხვა არგუმენტი, რამდენიმე სპიკერი იყო, რომელმაც თავისი არგუმენტები წარმოადგინა. რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, მსგავსი არაფერი თქმულა დღევანდელ ღონისძიებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის - “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” მსვლელობისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აკადემიური ფიგურა უნდა იყოს და არა ქარიზმატული, და პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში.

„საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი ართულებს ქვეყანაში ვითარებას და რომ სოფელ-სოფელ სიარული არ სჭირდება პრეზიდენტის არჩევას, ვინაიდან პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებები გააჩნია, რომ თურმე მოსახლეობას ვერ აუხსნის რაშია საქმე და რატომ უნდა დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.