ჩემთვის მთავარია, არსებული მახინჯი საარჩევნო სისტემის ჩანაცვლება უფრო პროგრესული სისტემით

ჩემთვის მთავარია, არსებული მახინჯი საარჩევნო სისტემის ჩანაცვლება უფრო პროგრესული სისტემით

ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, არსებული მახინჯი საარჩევნო სისტემის ჩანაცვლება უფრო პროგრესული სისტემით, რომელიც არ იქნება ხელისუფლების ინტერესებზე მორგებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ტუღუშმა საერთაშორისო კონფერენციის “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” მსვლელობისას განუცხადა.

ტუღუშის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, საკონსტიტუციო რეფორმაში “ევროპული საქართველოს” მონაწილეობის ძირითადი მიზეზია.

“ვგულისხმობ არსებული მახინჯი სისტემის ჩანაცვლებას გაცილებით უფრო პროგრესული, სამართლიანი საარჩევნო სისტემით, რომელიც არ იქნება მორგებული ხელისუფლების ინტერესებზე. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ასევე ჩვენი პოზიცია ცნობილია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება მიუღებელია და პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს პირდაპირი წესით”, - განაცხადა ტუღუშმა.

“ევროპული საქართველო” ასევე წინააღმდეგია ბლოკების გაუქმების.

“ბლოკების შესაძლო გაუქმება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ერთობლივ ბლოკში გამოვიდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს დემოკრატიის ნაწილია. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, აქ შეიძლება ფიქრი სხვადასხვა მექანიზმებზე და არა ბლანკეტური აკრძალვა, რომ პარტიებს არ შეეძლოთ წინასაარჩევნოდ ბლოკში გაერთიანება”, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.