საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაკანონიერი ქმედებები მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაკანონიერი ქმედებები მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ დიპლომატიურ ქმედებებს, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე არაკანონიერი ქმედებები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს გაერო-ში უკრაინის დელეგაციის მიერ, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების დაყენების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის ფორმატში.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული მხარის სურვილია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოხდეს არაკანონიერი ქმედებების ადეკვატური შეფასება, დაგმობა და მათი შემდგომი პრევენცია.

„სწორედ ამიტომ, გუშინ იყო ძალიან აქტიური მსჯელობა ამ საკითხზე. იყო დაგმობილი ე. წ. უკანონო არჩევნები, ე.წ. რეფერენდუმი, რომლის გამართვაც ცხინვალის რეგიონში იგეგმება; დაგმეს ასევე ის უკანონო ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. სამხედრო შენაერთების შერწყმაზე; ასევე, გადასასვლელი პუნქტების შემცირება. ყოველივე ეს, ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს თავისუფალი გადაადგილების კუთხით და, ბუნებრივია, უშიშროების საბჭოს მხრიდან ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისე, როგორც ეს იყო წინა კვირაში ჟენევაში, საქართველოს ინიციატივით მიღებული რეზოლუცია, რომელიც ამახვილდებდა ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ბუნებრივია, ეს ჩვენ ერთობლიობაში საშუალებას მოგვცემს, საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ეს პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან არ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხების დღის წესრიგს მიღმა დარჩენა და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთ აქტიურ ქმედებებს. საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია და კონსოლიდაცია საქართველოს პოზიციის მხარდასაჭრად არის ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენ ამას აქტიურად ვიყენებდით და გამოვიყენებთ მომავალში. გაერო-ს უშიშროების საბჭო არის ძალიან სერიოზული ფორმატი. მოგეხსენებათ, იმის გამო, რომ რუსეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ის მუდმივად ბლოკავს ამ საკითხის განხილვას. სამწუხაროდ, საქართველო არ არის უშიშროების საბჭოს წევრი, მაგრამ უკრაინამ ამ შემთხვევაში წამოაყენა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია და საერთაშორისო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საკითხი. თავად ფაქტი, რომ უშიშროების საბჭო განიხილავს ამას, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა“,- განაცხადა ზალკალიანმა.

გაერო-ში უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დააყენა.