ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად, - ამის შესახებ კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” – გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს და დასრულდეს სათანადო შედეგით. მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომლის საფუძველზეც მზადდება საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე თვითონ ამ ცვლილებების შინაარსი. როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, პარლამენტმა მას დაუსახა ორი ძირითადი მიზანი. პირველი ეს იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე ამოცანა არის ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გამომდინარე იმ დოკუმენტის ხარისხიდან, რომელიც მომზადების პროცესშია, შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო კომისია ძალიან ახლოს არის იმ მიზანთან, რომელიც პარლამენტმა დააკისრა.