რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლის შესახებ შეთანხმება 30 მარტს მოსკოვში გაფორმდება

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლის შესახებ შეთანხმება 30 მარტს მოსკოვში გაფორმდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებით შეთანხმებას რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრები 30 მარტს მოსკოვში მოაწერენ ხელს. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.

„შეთანხმებას ხელს მოსკოვში, ხუთშაბათს მოაწერენ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასიევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ“, - აღნიშნა თიბილოვმა.

შეთანხმება ითვალისწინებს მოქალაქეების რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს და მათი რუსეთის სამხედრო ბაზებზე გამგზავრებას ნებაყოფლობითი წესით. თიბიოლოვის განმარტებით, გათვალისწინებულია რუსეთის არმიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის 150 „მოქალაქის“ სამხედრო სამსახურის გავლა. ასევე ითვალისწინებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროების სამხედრო წოდების აღიარებას რუსულ არმიაში გადასვლის შემთხვევაში.