პროკურორი - არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული დეკანოზი ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკითხ პირებთან

პროკურორი - არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული დეკანოზი ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკითხ პირებთან

პროკურორის შეფასებით, სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებით ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ გუშინ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდებამ დეკანოზისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა. ”მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი, შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკითხ პირებთან. ასევე შეეცდება მიმალვას, ვინაიდან გვაქვს დოკუმენტაცია საზღვარგარეთ მის კავშირებზე”, - განაცხადა პროკურორმა.

ზვიად გუბელაძემ ადვოკატების განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარეს სასამართლოში გარკვეული მტკიცებულებების წარდგენის საშუალება არ მიეცა. პროკურორის შეფასებით, აღნიშნული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა, ვინაიდან სასამართლო განხილვების მოცემული ეტაპი, არ იძლევა მტკიცებულებების წარდგენის საშუალებას. რაც შეეხება პროცესის დახურვას, როგორც პროკურორმა განმარტა, ამის სუფუძველი საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოება იყო. 

”პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვიშუამდგომლეთ პროცესის დახურვაზე. დაცვის მხარე თავის დროზე საუბრობდა სხვადასხვა საფრთხეებზე, თუმცა ასეთ სენსიტიურ თემაზე დღეს სხვადასხვა მანიპულაციები დაიწყეს. ჩვენი შუამდგომლობის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება იყო”, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.