დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ „ახალ გარემოებებზე“ საუბარს გეგმავენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ „ახალ გარემოებებზე“ საუბარს გეგმავენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ „ახალ გარემოებებზე“ საუბარს გეგმავენ, რის საფუძველზეც ისინი ბრალდებულისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვენ. 

როგორც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე აღნიშნეს, იმ საფუძვლებითაც კი, რომელიც დღეს სახეზეა, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ დეკანოზის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. 

მიხეილ რამიშვილის თქმით, დაცვის მხარე დეკანოზ გიორგი მამალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა გირაოს თანხის დასახელებისგან ამ ეტაპზე ადვოკატები თავს იკავებენ. 

რაც შეეხება ახალ გარემოებებს, რაზეც ადვოკატები სასამართლო პროცესზე საუბარს გეგმავენ, როგორც დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, წინასწარ ამ გარემოებებზე საუბრისგან თავს შეიკავებს და ამ გარემოებებს მხოლოდ სასამართლო პროცესზე გააჟღერებს. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მტკიცების ტვირთი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო რამდენიმე წუთში იმსჯელებს. 

კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია 2 თვეში ერთხელ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვით განისაზღვრება.